ყოფილი ვიცეპოლკოვნიკი კობა თოდუა, რომელიც ე.წ კასრების საქმეზე იყო დაკავებული, 8-წლიანი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.
შაბათის ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თოდუა ყვება, რომ მისი დაკავება რუსეთის ინტერესში შედიოდა, რაც მისი თქმით, ხელისუფლებამ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელით აღასრულა.
"ცალსახად ვიძახი ამას, რომ რუსული მხარე დაინტერესებული იყო ჩემი განეიტრალებით, რაც აღასრულა ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელით...ის [ღარიბაშვილი] იყო მთავარი აქტორი. მტკიცებულება, რომელზეც მე გესაუბრებით, დევს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სასამართლოში და მისი სრული ვერსია მაქვს მე", - ამბობს კობა თოდუა.
თოდუა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სადაზრვერვო უწყებას ხელმძღვანელობდა. სამმართველო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიმართულებით მუშაობდა.
შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში თოდუა ამბობს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაკავების საკითხი დააყენეს:
"ჩვენ სამმართველოს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გვებარა რუსეთის მიმართულება, ამიტომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, მათ კატეგორიულად დააყენეს ეს საკითხი, რომ მე უნდა დამეტოვებინა სამსახური და მომხდარიყო ჩემი დაკავება",-აცხადებს თოდუა.
თოდუა 2013 წლის ზაფხულში წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ე.წ. კასრების საქმეზე დააკავეს.
თოდუასთვის მთავარი მტკიცებულება ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებიდან დოკუმენტია, რომლის მთავარი ფიგურანტი, მისი ინფორმაციით, ქართველი ოფიცერია, ავტორი კი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა.
თოდუა ამბობს, რომ დოკუმენტში საოკუპაციო რეჟიმი მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და საერთაშორისო აქტორებისგან რეაგირებას მოითხოვს.
ვიცეპოლკოვნიკის ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმი ქართულ სპეცსამსახურებს ტერორიზმში ადანაშაულებს და კობა თოდუასა და მისი სადაზვერვო დეპარტამენტის საქმიანობით "გაღიზიანებული და შეშფოთებულია". დოკუმენტი 2012 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება.
კობა თოდუა ამბობს, რომ მასთან პირადი შეხვედრებისას ქართული ძალოვნები რუსეთის მხარის ინტერესს არ მალავდნენ:
"ამ შეხვედრას, თუ მე არ ვცდები, ესწრებოდა 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი მაღალჩინოსანი, სუჯაშვილი და მეორე ქემოკლიძე. მან მითხრა ასეთი რაღაც, რომ ჟენევის ფორმატზე შეხვედარზე ყოველთვის დგებოდა ჩემი საკითხი. მათ განვუცხადე, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. საქმე, რომელზეც მაკავებთ პირველად გავიგე, რომ ეს ფაქტი საერთოდ მომხდარი იყო",-ამბობს თოდუა.
თოდუას განცხადებით, ის ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დააკავეს.
ე.წ. კასრების საქმეზე პროკურატურამ ბრალი 12 ადამიანს წაუყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საბრძოლო ინვენტარებითა და ვიდეო ფირებით სავსე კასრები სამეგრელოს ტყეში ნაპოვნი სამალავებიდან ამოიღო.
გამოძიების მიხედვით, ფირებზე ყოფილი ხელისუფლების დროს მოგროვებული პირადი ცხოვრებისა და წამების ამსახველი ვიდეო კადრები იყო.
ბრალდებულების ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ნაწილი გამართლდა, ნაწილს კი პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის იყო კობა თოდუა, რომელსაც დანაშაული არ უღიარებია. ის ირწმუნება, რომ საქმის არც ერთ ეპიზოდთან და ფიგურნტთან მას შეხება არ ჰქონია. თოდუა ორი ეპიზოდიდან ერთში გამართლდა.
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 24 დეკემბერს პარლამენტმა თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა, თოდუას საქმეზე კითხვებს არ პასუხობს.
კობა თოდუასთან დაკავშირებით ფორმულას კითხვებს არც საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა.
კობა თოდუა ქართული ოცნების ყოფილი წევრის, დავით ნარმანიას ბიძაშვილია. შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში თოდუა ამბობს, რომ 2013 წელს, მაშინ, როცა ის დააკავეს, პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატან, სწორედ დავით ნარმანიას ამზადებდა, თუმცა ნარმანიას ახლო ნათესავის დაკავების შემდეგ, პოსტი ღარიბაშვილმა დაიკავა.
"ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა მოინდომეს. მე ამკიდეს ეს საქმე, ამით დარტყმა განახორციელეს ნარმანიაზე, რის შემდეგაც ივანიშვილი იძულებული გახდა, ნარმანია გამოეწია პრემიერმინისტრის თანამდებობაზე და აეწია ღარიბაშვილი",-აღნიშნავს თოდუა.
თოდუას საქმეზე შაბათის ფორმულა დავით ნარმანიას დაუკავშირდა, თუმცა მან ფორმულას ზარებს არ უპასუხა.
კობა თოდუამ საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა, ის სამართლებრივი დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს.
თოდუამ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურაშიც იჩივლა, საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაა აღძრული, თუმცა ჯერჯერობით საქმის განხილვა არ დაწყებულა.